9.30.2010

Bloooog World



რატომ, როგორ და რისთვის დავიწყე ბლოგერობა?
ალბათ იმიტომ, რომ კომპიუტერთან ჯდომა და წერა მიყვარს...
კიდევ იმიტომ, რომ დღიურის მაგივრობას მიწევს...
კიდევ იმიტომ, რომ რამდენიმე ბლოგმა შთამაგონა...
ZURRIUSS
anina's blog
cinika
ყვავის ბუდე
Landish
madamejulietta
Sweet Blog
ნუ ვცდილობ...
არც არავის აზრი მაინტერესებს_მისწორდება და ვწერ =]

9.10.2010

მე გადავცურავ ზღვას


რომ ვერ გაფრინდეთ? –მაშინ ზღვას გადავცურავ...
დღეს გამახსენდა... და ბევრი რაღაც გამახსენდა კიდე... ჩემთვის თავისუფლების ეტალონები არიან და არ მინდა ახლა დავწერო ყველაფერი, იმიტომ, რომ ყველა ვერ გაგებს რასაც ვიტყვი... არა, აზრის გამოხატვის არასოდეს შემშინებია, უბრალოდ, ხანდახან არ გინდა შენს სულში ვიღაც აფათურო...მე გადავცურავ ზღვას...


”ირაკლი კოსტავას ძმაკაცის ნაჩუქარი ნამდვილი ჯინსები,რომელსაც მაშინდელ თბილისის ქუჩებში უფროსები თვალს აყოლებდნენ,ხოლო უფრო პატარები ახლოსაც მოდიოდნენ დასაკვირვებლად,თითქმის ერთი წელიწადი ეცვა.თვითკვლელობამდე ერთი დღით ადრე ,გარეცხილი დაუბრუნა პატრონს და სოსოს დაკვირვებული სახის დანახვისას,ყველაფერი ერთი ფრაზით ახსნა:
-მაგრად დავიღალე და თანაც ძალიან მომბეზრდა.
თქვა და ძმაკაცს ბოდიში მოუხადა.სოსოს ეგონა ,რომ ირაკლი ნაჩუქარ ჯინსებს გულისხმობდა ,მაგრამ მეორე დღეს,მისი თვითმკვლელობის ამბავი რომ გაიგო,ყველაფერს მიხვდა.სოსომ ჯერ იფიქრა,რომ ირაკლიმ მათ ყველას აჯობა,მერე კი საკუთარ თავზე გაბრაზდა რომ ვერაფერი იგრძნო ,თუნდაც ერთი დღით ადრე და ბავშვივით იტირა.
ირაკლი კოსტავას დაკრძალვის შემდეგ სოსომ ირაკლის ნაქონ ჯინსებს მარჯვენა მუხლის ზემოთ ცხრათვალა მზე დახატა და ჩაიცვა.სიკვდილამდე არც გაუხდია.”



”-არც კი დავკვირვებივარ თბილისში მზე საიდან ამოდის.
-საერთოდ ცას თუ დაკვირვებიხარ თბილისში?
-ალბათ..
-გახსოვს ბოლოს ცაში როდის აიხედე?
-არა..
-ქალაქების მთავარი მინუსიც ეგაა,ცა არ ჩანს..”


”ღმერთმა ყველაფერი მისა ამ პატარა ქვეყანას,ადამიანებმა კი ამ ქვეყანაში მადლიერების გრძნობა დაკარგეს და თვითონ ღმერთიც დაივიწყეს.”

”-იმ ხალხს ,ახლა რომ პარადებზე დადის,ეკლესიაშიც მსახურად ივლის და პირჯვარსაც ყველგან გადაიწერს სადაც ხალხს და ეკლესიას დაინახვას..
-მერე ,რა არის ამაში ცუდი?-ახლა პაატამ ჰკითხა სოსოს აშკარად გაკვირვებულმა.
-ერთმანეთის დასანახად და მოსატყუებლად,პარადებზე სიარულიც ცუდია და ეკლესიაშიც.”

”-რატომ გაფრენა არ გინდოდათ?
-გაფრენა ყოველთვის მინდოდა,ალაც მინდა და გავფრინდები კიდეც,ოღონდ არა თვითმფრინავით.
...
-რომ ვერ გაფრინდეთ?
-მაშინ ზღვას გადავცურავ.
-რას?
-ზღვას.
-როგორ?
-სიმღერით.
-ხუმრობთ?
-არ ვხუმრობ.
-დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
-კი ბატონო.
-მაინც როგორ ჩავწეროთ?
-სიტყვასიტყვით.
-მაინც როგორ?
-მე გადავცურავ ზღვას...”
(ირკლი ჩარკვანის დაკითხვის მომენტიდან)

9.08.2010

Hey, Jude!



ჰეი, ჯუდ!
შენ უკვე დიდი გოგო ხარ... შენ გესმის, თუ რა რთულია იყო დედამიწის ნაწილი, მასის წევრი, ბრბოს აყოლილი.
შენ გესმის, თუ რა რთულია იაზროვნო საზოგადოების პარალელურად...
შენ იცი, რომ არსებობს სხვა განზომილებებიც, იცი მისასვლელი გზები, თუმცა ისიც იცი, რომ გეშინია...
შენ ყველაფერი იცი, ჯუდ, ყველაფერს ხედავ, ყველაფერი გესმის და ყველაფერს ხვდები...
მაგრამ შენ მასა ხარ, ჯუდ. შენ ხარ ბრბო და ფეთქავ დედამიწის ბრუნვის სინქრონულად...
ჯუდ, დროა გაიღვიძო!
ჰეი, ჯუდ!

9.07.2010

მისია_შავი ზღვა (ქვემოთ მოყვანილი პოსტი პირველად დაიწერა ჩემს ნაწამებ ბლოკნოტში ამა წლის აგვისტოში)


ღამე ღრუბლიანია, უვარსკვლავო...
სიბნელიდან მატარებლის მონოტონური მუსიკა ისმის, სადღაც შორს ზღვა ღელავს...
ცხელა, ცხელა, ცხელა_სამჯერ ცხელა, როგორც თეო იტყოდა. თეო ჩემი მეგობარია, მენატრება... მენატრება თეა, ქრისტი, ძალიან მენატრება ნათია... მეტი არც არავინ და არაფერი ჯერ. ქუთაისი არ მენატრება!
აივანს შიგნით ვდგევართ მე და ჩემი ჩაფერფლილი სიგარეტი, აივანს მიღმა ორი კვიპაროსი_ მაღალი და დაბალი. ახლა ისევ ის კანჭა, პატარა ბავშვი რომ ვიყო ათასნაირ ეპითეტს ვიპოვნიდი ამ კვიპაროსებისთვის, მაგრამ გავიზარდე და ისინი ჩემთვის მხოლოდ ხეები არიან.
ორი უკიდურესობა_ტრადიციულად აღზრდილი, ქმრისა და ოჯახის ბოლომდე მორჩილებას მიჩვეული, წყნარი, მშვიდი მასპინძელი_ნებიე და დედაჩემი_შეძლებისდაგვარად ემანსიპირებული, სინამდვილეში არაემანსიპირებული,:) კაპასი და ჩემთვის მაინც საყვარელი ბელა. მთავარი კომპონენტი_ ჩემი სისხლისგამშრობი ძმა და ჩვენი ოდისეა დაიწყო.
მასპინძელი იმდენად კარგად დაგვხვდა, შემეშინდა ძილში არ დავეხოცეთ და ჩვენი სისხლი არ შეესვა.(რა ვქნა აბსურდიზაცია ჩემი ცხოვრების სტილია.)
ჰოდა, შეხრამუნების შიშით საინტერესო ღამეს გავატარებ საკუთარ თავთან ერთად...
აქამდე ქობულეთი ორი ქუჩა და მასზე გაწელილი დამსვენებლების რიგი მეგონა, თუმცა დღეს ყველაფერი თავიდან აღმოვაჩინე_ამიერიდან აქაურობა ყოველთვის გამახსენებს ბურახის გამყიდველ ლურჯთვალება ბიჭს, ვედრებით რომ იხედებოდა თითქოს, ბოქლომდადებულ უმწეოთა სასადილოს და პატარა, შავტუხაზე უშავტუხეს ბიჭს ყვითელი ბანანებით დატვირთულს.
ისევ აივანზე ვარ, მაღლა. ქვემოთ ადამიანები ფუთფუთებენ(არ მიყვარს ადამიანები). მე ზემოდან დავყურებ მათ და შემიძლია მათ თვალში კენჭების აღმოჩენის პარალელურად საკუთარ თვალში დირე აღმოვაჩინო.

9.02.2010

Smoke On The Water


მე ვეწევი
შენ ეწევი
ის ეწევა
ჩვენ ბოზები ვართ!..
მე არ მეცინება! საერთოდ არ მეცინება...
უბრალოდ, ვერ ვხვდები რატომ არის მწეველი ქალი ბოზი და მწეველი კაცი პატიოსანი, რატომ უნდა მოწიოს ქალმა(გოგომ) ტუალეტში, მეგობრის ნაქირავებ ბინაში, დაბურულშუშებიან მანქანაში, მწეველი ქალებისათვის განკუთვნილ კაფეში და რატომ უნდა მოგვაფუტოს მწეველმა მამაკაცმა ფილტვებიდან ამოსროლილი სიგარეტის კვამლი ყველგან და ყოველთვის...
მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის, ამავდროულად მოწევა ვნებს რეპუტაციას, აქრობს სარფიანად გათხოვების და კარგი სამსახურის შოვნის ყველა შანსს... ასე ხდება ჩვენთან, ქუთაისში...
ხალხნო, ვიცი რომ მოწევა მავნებელია ვიცი, რომ ცოდვაა, მაგრამ ამავდროულად ის ჩვევაა და დაე, დავარქვათ მავნე, მაგრამ იმედია ოდესმე შეიგნებთ რომ არამწეველსაც მშვენივრად შეუძლია იყოს ბოზი და სიგარეტი სექსის გარდა ყავასაც უხდება... მაგრამ ქუთაისი, ჩემი პატარა, ლამაზი, საყვარელი, ქუთაისი ყოველთვის გამოირჩეოდა ორიგინალურობით...
მე არ ვბოზობ :)
მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის...

ვაიმე, სულიკო! ანუ გაბრაზებულ გულზე დაწერილი...


ჩემო თანამოქალაქეებო!
ჩემო გულჩვილებო,
ყრუებო,
ცრუებო,
უდიერებო,
ცბიერებო,
არგამტანებო,
მტვერწაყრილებო,
თავდახრილებო,
ყოვლად უქმებო,
გზამრუდებო,
მტრის არმცნობებო,
მოყვრის მგმობებო,
გარეთ მხდალნო,
შინ ძლიერნო;
არრის მქონე,
არრის მცოდნევ,
უზრუნველებო
და მშიერნო,
დაუნახავნო,
,,ჯაან რაღაცნაირებო'',
სიტყვებს გამოკიდებულნო,
გაბოროტებულებო,
გატუტუცებულებო,
არდამნახავებო...
სულაც არ გაყენებთ შეურაცხყოფას და არც ეს სიტყვებია ბოლომდე ჩემი... ილიას დავესესხე და გული მტკივა მისი ფორმულირება ამდენი წლის შემდეგადაც ზედგამოჭრილი რომ აღმოჩნდა თქვენზე... (ვინ იცის, იქნებ ჩემზედაცაა ნათქვამი ეს ყველაფერი და ვერ ვხედავ, ან უბრალოდ, არ მინდა დავინახო...)
მიყვარს მე ჩემი ქალაქი (ქვეყანაც) და მტკივა გული...
დეარ მისტერ ობამა, ფლიზ, თეიკ მი ფრომ ზის ქანთრი! რათა მერე ისევ დავბრუნდე და უკეთესები დამხვდნენ!..
ვაიმე,ჩემო სულიკო!